ადამიანი, რომელიც უბრალოდ მიყვარს. ყოველ დღე შემიძლია ველაპარაკო და მოვუსმინო, ყოველ დღე თავიდან გავიცნო და დავმშვიდდე. უბრალოდ მინდა რომ ჩემს ბლოგზე იყოს ის…
დაიბადა 1987 წლის 15 ნოემბერს. ის იყო ძალიან ნიჭიერი მომღერალი, ასრულებდა ქართულ, მთის (და არა მხოლოდ) სიმღერებს თავისებური სტილით და ინტერპრეტაციით. ბოლო პერიოდი იყო ანსამბლ : “V სეზონის” სოლისტი. 2012 წლის 11 ივნისს, 24 წლის ასაკში კი წავიდა და წავიდა… თუმცა ამ მცირე დროის განმავლობაში მან შეძლო რომ დარჩენილიყო მეგობრების, ნათესავების და ბევრის სრულიად უცნობი ადამიანების გულებში და უდიდესი სიყვარული დაემსახურებინა.
გარდა იმისა, რომ ალუდა მღეროდა, ის ასევე წერდა… ოღონდ სხვანაირად… იყო ადამიანი, რომელიც სულ ზეცისკენ იყურებოდა და ალბათ დაისვენა კიდეც…
არ მინდა მე ვწერო ბევრი მასზე, მიწერია კიდეც აქ ალუდაზე. გაუაზრებლად, მოუთოკავი, მოზღვავებული, ტკივილით გამოწვეული ემოციით და აღარ მინდა ასე მოხდეს…მ პოსტში მისი და მეგობრების შემოქმედება იყოს ასე მირჩევნია და ამისთვისაც დავიწყე…ალუდას ერთ-ერთი მეგობრის სიტყვებს მოვიყვან ციტატად:
“უთხარით ყველას, რომ ცხოვრობდა ქართველი ბიჭი ალუდა, ზუსტად მაშინ როდესაც ჩვენ ვცხოვრობდით. უთხარით, რომ ასეთები იშვიათად იბადებიან. უთხარით ყველა შლეგს და უბირს სხვისკენ რომ გაურბის გული და გონება, რომ საქართველოში ბიჭი ცხოვრობდა. ვაჟი ცხოვრობდა ქეთელაური! ალუდა ქეთელაური! იამაყეთ მისით, უთხარით ყველას, ვისაც კი ალუდას სამშობლოს ზეცა დაჰყურებს! უთხარით უბრალოდ ყველას! ყველას ვისთანაც კი სიტყვა გეთქმით და ასე ვაჩვენოთ ჩვენ დაბრამვებულ ხალხს ფშაველი ვაჟას ხევსურმა ალუდამ 24 წლით ხორცი შეისხა და ჩვენთან, ჩვენს დროში იცხოვრა!”
მოკლედ დავიწყებ თქვენთვის მის გაცნობას ვინც არ იცნობთ, ვინც იცნობთ კი უბრალოდ გაგიხარდებათ თავიდან გაცნობა…
თავის თავს ასე ახასიათებდა:
მარტივად ვერ გეტყვი. ვარ მხიარული უფრო, ცოტა გიჟიც, ცოტა რომანტიკოსიც, მიყვარს სიმართლე და ალალი თვალები.
მიყვარს მწვანე ჭიქიდან დალევა ყველაფრის. ცაცხვის ყვავილის სუნი მიყვარს წვიმის შემდეგ, მიწის სუნიც მიყვარს. მწვანე არ ვიცი, გემრიელად ვსვამ უბრალოდ. ნაცრისფერი მიყვარს ისე მაგრად. ყველაფერს ვერ მოგიყვები ასე უცბად…. კითხვა მიყვარს კიდე, უფრო ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური ნაწარმოებების. ხო, დამავიწყდა. მზის ამოსვლის და ჩასვლის ყურება მიყვარს მაღალი ადგილიდან, მაგრამ ამის საშუალება ყოველთვის არ მაქვს…
ის კი ვიცი, რომ ვერანაირი მდგომარეობა ვერ შემცვლის . მაშინაც სოფელში გაზრდილი ბიჭი ვიქნები და ახლაც ეგრე ვარ…. მერე, პოპულარობა თუ მოვა, მოვიდეს თავისით. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს… ერთი სარეპეტიციო ადგილი და ყველა ინსტრუმენტი, რაც გვინდა და მერე რამდენიმე ხნით გაქრობა და მერეც უცბად აფეთქება…
არც არავისზე მეტი ვარ არაფრით, არც არავისზე ნაკლები რამით….
ცხოვრობდა და ფიქრობდა ასე:
“ერთი ადამიანი არ შემხვედრია ისეთი, ვინც ისეთად მიმიღებდა ბოლომდე, როგორიც ვარ. ყველა ცდილობს შენში რაღაც შეცვალოს და თავისნაირი გაგხადოს. მე კიდე ჩემნაირი ვარ და რა ვქნა, არაფრის გულისთვის და ვერავის გულისთვის ვერ შევიცვლები…”
“რამდენი თამაში, რამდენი სიყალბე, რამდენი ადამიანი, რა ცოტა სიმართლე………”
“მე ვხედავ როგორ იცვლება ადამიანების დამოკიდებულება როცა იმათნაირი არ ხარ, ვხედავ გაკვირვებულ სახეებს, ბევრ რამეს ვამჩნევ და ჯერ სად ვარ კიდე……”
“ნეტა რა მჭირს ძალიან ცუდად ვარ, დეპრესია მაქვს საშინელი, ვერაფერს ვეღარ ვაკეთებ,ალბათ ამდენს ვეღარ გავუძლებ. ნეტა რატო ვარ ესე? სიკვდილის შესავალივით….. ”

ალუდას ლექსები და სიმღერები:
* * *
ვხვდები რომ თქვენგან მოწერილ სიტყვებს
ვერ ვცემ საკადრის,მწიფე პასუხებს;
სანამ ვცოცხლობ და სანამ ვარსებობ,
სანამ სიკვდილი დამანამუსებს…
სანამ სიცოცხლე ჯერ კიდე მინდა
და სანამ ფასობს ქვეყნად მანდილი;
მინდა გრძნობები უფრო ხალასი!…
მინდა გრძნობები უფრო ნამდვილი!
მინდა რომ თქვენი თვალების სირმით
შემკული ზეცა მეფაროს თავზე
და სიკვდილამდე თუკი მივედი –
მინდა რომ ჩემი ცხოვრების გზაზე —
მინდა რომ ამ ჩემს სავალ ბილიკებს…
მოტივად გაჰყვეს თვალები თქვენი;
თქვენ შეიძლება მაძაგებთ,მაგრამ
ეს ხოტბა არის თქვენდამი ჩემი!!!
* * *
მინდა ჩემი გრძნობის მზიარები,
სულ, მუდამ ჩემს გვერდით მყავდეს,
მინდა, რომ ამ გრძნობის სათნოების,
სიცოცხლის ბოლომდე მწამდეს.
მინდა, რომ გულისცემა გამიჩერდეს,
ერთ დღესაც ჩავბარდე წარსულს,
უბრალოდ გადამღალა ყველაფერმა,
არც თქვენი დატირება არ მსურს!
* * *
აქ გაგიჟებულს ფიქრთა მორევში,
სევდის ტალღებმა გადამიარა,
მე სიყვარული მინდოდა მხოლოდ,
ვინმესგან რამე შველა კი არა.
დაგეძებ უხმოდ, სად ხარ არ ვიცი,
და რითმებს ვიჭერ ჩემგან გარფრენილს,
მე მთებს, მწვერვალებს ვეალერსები
და შენ კი ალბათ მისდევ ქვაფენილს.
აქ, მთის ფერდობზე, ჩამოწვა მთვარე,
და სიმყუდროვეს არღვევს არაგვი,
მინდა რომ ვინმეს მოვუყვე შენზე
ხმის გამცემი კი არ მყავს არავინ.
მიყვარხარ ქალავ, რით ვერ გაიგე
ამ ლექსებს გიძღვნი სანთლად დანთებულს
გამეღვიძება შუა ღამეში
მე შენზე ფიქრით გაუგონთებულს.
* * *
მ ინდა ამოვთქვა გულის ნადები
ა რ ვიცი ჩემ თავს ახლა რა ხდება
რ ატომ დაჰქრიან ჩემში ლანდები
ი მედი როდის დაიბადება.
ვ ათენებ ღამეს მთვარეულივით,
გ არინდებულა სამყაროც თითქოს.
ი რთვება დილა ციური სხივით
ჟ რჟოლავს ტუჩები და კოცნას ითხოვ.
დ იდებულია ეს ყველაფერი,
ე რთად მინდა რომ ვიფრინოთ ცაში.
ბ ავშობის ფერებს ერთვის სხვა ფერი,
ი ღვიძებს ვიღაც გრძნობების ქარში.
შ ენზე გავგიჟი რა მოხდა მერე?
ე რთხელ ხომ მაინც გიჟდება ყველა.
ნ ამდვილად ვიცი რომ დამიჯერებ
ზ ედმეტად ვდარდობ, ზედმეტად ვღელავ
ე ს გრძნობა არის და ნუ გათელავ.
* * *
ისევ გართობა ისევ ერთობა
ისევ გიჟური ღამე,
ისევ მომინდა თქვენთან სიმღერა
მოდი ვიმღეროთ რამე,
ისევ წანწალებს ჩვენი ფიქრები
ფიქრებს ფეხებიც ყვება,
თქვენთან ნამყოფი ყოველი წუთი
ჩემში ლამაზად რჩება,
არ გვინდა დარდი არ გვინდა სევდა
ღიმილი უფრო გვშვენის,
ტროპიკულ ტყესაც ყინულად აქცევს
გამოხედვაი შენი…
* * *
არც ისე შავი არ არის ზეცა,
რომ არ შეიგრძნო სიცოცხლის სუნთქვა,
ბევრჯერ ქართული აბჯარი მეცვა,
ვერ შევეჩვიე სამოსელს მუქთას..
ბევრჯერ ქარიშხლის გარინდულ ხმაში,
მესმის ბოდიში ჩუმი სიცილის,
ვერ ვხედავ შვებას ვერაფერ მსგავსში
მამშვიდებს მხოლოდ ხმაური წვიმის..
ათასი აზრი მიბორგავს თავში
და ცისარტყელა ეხლა მომინდა
ამოვარდნილი გრძნობების ფერით,
მე დავბრუნდები შენთან ომიდან…
* * *
ზოგი მიდის, ზოგი მოდის,
ზოგი სასმელს გვეცილება.
ვეცადე და არ გამოდის,
არ გამოდის ეს ცვლილება.
ზოგჯერ ისევ გვინანია,
ყველაფერი გვიანია…
სადაც ჭიქა იწეოდა,
იქ არ დამიგვიანია.
ისევ ერთად ყოფნა გვინდა,
გრძნობით სავსე სიყვარული,
ცხოვრება ხომ ხაფანგია,
ნაბიჯები ცოტა რთული.
ზოგჯერ სევდას მივეცემით
და სხვა გრძნობა გვეუფლება,
მაგრამ ვიცი, რომ არა გვაქვს,
რომ არა გვაქვს სხვა უფლება.
მაინც მივდევთ ამ დინებას,
უკუღმაა ყველაფერი.
ამ ცხოვრების ვერ გავიგე
ვერ გავიგე ვერაფერი….
* * *
ისევ გათენდა და ამოვიდა ახალი მზე.
ისევ ისე, მე და ისევ მე და ისევ შენ…
ისევ ისე დაიწყება ყველაფერი თავიდან:
ისევ ნოტებიდან, ისევ ჩვენი გამიდან…
ისევ აინთება სიყვარულით თვალები,
ისევ მოგვინდება ერთმანეთის დანახვა,
ისევ დამიძახებ, მაგრამ დაგემალები…
სადა ხარ? სადა ხარ? სადა ხარ?
საათიდან… წუთებიდან… წამიდან…
ხეებიდან… ბახიდან… ნამიდან…
ისევ ჩვენი არის მთელი ეს დედამიწა,
რა დროს სიკვდილია? ცოტა კიდევ მოიცა!
ისევ ჩვენი არის, მთელი ჩვენი სამყარო,
მინდა, რომ ეს ქვეყანა, ფეხით შემოგატარო…
* * *
თითქოს გულისცემა გამიჩერდა…
ლანდად დავაბიჯებ ღამეში…
სული გასახედნად ამიმხედრდა….
ქალო….შენ არ უნდა გამეშვი!….
ერთსაც შენს სარკმელთან წავიმღერ…..და…
დაარქვი ულაყის თარეში…
* * *
(ალუდას ბოლო ლექსი, გარდაცვალებამდე, ორი დღით ადრე)
მე უკვე მოვკვდი ყალბი ღიმილით….
მე უკვე სულში მესროლეს ტყვია….
მე უმწეო ვარ….
ვტირი ჩვილივით…
რადგანაც….მაინც ცოცხალი მქვია…..
* * *
თუ არ დავლიე,არ მემღერება…
ჩემი ფიქრები ისევ წანწალებს;
ყველას სახეში დავეძებ ღიმილს,
დარდი და სევდა ისევ მაწამებს.
ისევ დაჰქრიან ჩემში ლანდები,
რა გითხრა?ლექსის აღარ მაქვს მუზა;
ნუ გამითელავ ცხოვრების სხვა ფერს,
გაღმა ნაპირზე ჩავუშვი ღუზა…
“არ გაგეცინოს ამ ლექსზე,გახსოვდეს რომ გულით დავწერე”
ასე იხსენებენ მას მეგობრები, ნათესავები, ახლობლები და უცნობი ხალხიც კი:
თორნიკე ნაროზაული:
აქაურ ხეეებს არც
ჩურჩული არ შეუძლიათ!”
არც თანაგრძნობა…
დგანან ასე
ჩუმად მიღრენენ,
და ჩემს ოცნებებს
ალბათ უფრო
სახეს უცვლიან.
თავს დამჭყივიან,
რომ შენსავით
ვერვინ იმღერებს…
აქაურ ხეებს არც
სიცოცხლე არ შეუძლიათ!
უფერულია…
უგულო….
და უმისამართო….
მათი ცოხვრება,
მათი გზა და
მათი სახლები.
აქაურ ხეებს სიყვარულიც
არც შეუცვნიათ!
და არსებობენ
სიკვდილამდე –
როგორც ძაღლები!
აქაურ ხეებს შენი გლოვაც
არ შეუძლიათ!
მხოლოდ ის გტირის,
ის შეშლილი ბებერი მარტი…
და მთვარის არ გამოჩენა,
ფეხით გათელა გვირილის,
ყელზე ბაწარის მოჭერა.
კაცის თვალებზე ცრემლები,
ბალღის მოთქმა და ბღავილი,
სისხლით ნაფერი ველები,
ყინვით დამზრალი ყვავილი.
დიაცი თმებ დაგლეჯილი,
კარში დამრჩალი მურია,
მტრისგან ნათელი ჯეჯილი,
წელში გაშლა, რომ სწყურია!მაგრამ სულ სხვაა ტკივილი,
სულ დამდუღვრილი კაცისა,
რომ არ შაუძლავ ტირილი,
იმედ რომ არ აქვ არცრისა.
ცრემლი რომ ამაუშრება,
ელვა დატეხილ თვალებში,
ძალა, რომ გამაეცლება,
ამირანივით მკლავებში.
აი, ისაა ტკივილი –
რკინის კვნეტა, რომ გინდება,
რომ არ შაგიძლავ ტირილი,
შამხედვს, რომ შაეშინდება!ამასა ჰქვია ტკივილი
ხევსურულისა ენითა!
თემო არაბული:
ენა როგორ მომიბრუნდეს ძმობილო,რომ აღარ ხარ, ეს რა პირით წარმოვთქვა,
ჯერ ვერავინ მომიგონა ის სიტყვა,
ეს დარდი რომ, რამე სიტყვით გამოვთქვა.გულში ბინდად ჩამისახლდა დარდები,
უშენობას ვერ აიტანს, სამყარო,
ნეტავ მცირე ძალა მაინც გამაჩნდეს,
რომ კარგების, უკვდავება ვამყარო.უკვდავი კი დარჩა შენი სიმღერა,
მაგრამ, თვითონ მომღერალიც გვინდიხარ,
რატომ ჰბაძავ, გამოქცეულ მდინარეს?,
არაგვივით, მიდიხარ და მიდიხარ.წხვედი და წაიყოლე გულებიც,
ყველამ შენზე, თვალთა ნამი დაყარა,
სამუდამოდ ჩვენთან რჩები ძმობილო,
არც მიდიხარ, არც წასულხარ… და არა..
მარტო ჩვენ გვზრდიან დედანი,
ჩვენას ვსცხონდებით, სხვას ყველას
კუპრში მიელის ქშენანი!
ამის თქმით ვწარამარაობთ . . .
ღვთისშვილთ უკეთესთ იციან . . .”
უბრალოდ, ამ ჰარმონიასა და სიხარულს შენ ჩვენზე ადრე ნახავ!
ძმა(ლევან ქეთელაური):
ვეღარ ვიფარფატებ ალუდ!
უკვე სანთელივით ვიღვენთები
ვეღარ გავიზრდები ალუდ!
თითქოს ორმაგია ყველაფერი
არცერთი სამყარო არ მსურს
ჩემი გული ხელის გულივით მაქვს
მოგხვევ და მოგაფრქვევს ალმურს,
სადღაც მოიწყინეს კალმოსნებმაც,
აღარ უხარია არც სულს,
გავა წამები და მოვიგონებთ
შენს ლამაზ ღიმილიან წარსულს.
* * *
თითქმის საუკუნის მეოთხედი,
იცი მე მუზებით ფრენა ვისწავლე და
ჩემი სიმღერების მეოხებით,იცით სად წავედი? თქვენ არც იოცნებოთ!
მე ჩემს ვაჟას გვერდით მიუჯდები,
იცით რამდენი რამ ახლა ვისწავლე და
ეხლა მოიცაო, ყველას გეუბნებით,იცით ოცდაოთხში თუ რამ ვერ გითხარით,
ამას დროება ხდის შეუძლებელს,
მაგრამ დამიჯერეთ, სხვები ამომთქვამენ,
თავს ხომ მივიჩნევდი მე უძლეველს….
… მაგრამ მაინც ცოცხლობ, სუნთქავ ოღონდ სულ სხვანაირად.. უფრო მეტს ფიქრობ ადამიანებზე.. უფრო მეტად გიყვარს ისინი და უფრო მეტად უფრთხილდები.. და მაინც ვერ ამბობ. ვერც წერ. ალბათ ესაა დაუწერელი ტკივილი.. თან საკუთარ თავზეც რომ ბრაზდები, აქ რომ ამას წერ.. არაფრის დაწერა რომ აღარ გინდა.. თავს ანებებ წერას.. მაგრამ მაინც, მაინც დავწერ, თან ძალიან ბევრს.. დავწერ.
მე ვხარჯავდი დღეებს და ფრაზებს,
რატომ მეგონა ეს ცხოვრება იყო მარადი,
ახლა ვზივარ და ეკლით ვითხრი ნაღმერთალ თვალებს,
რომ შემძლებოდა შენს სიკვდილსაც
მოვიპარავდი……წახვედი ჩემგან,
უშენობა მათოვს და მაწვიმს,
მარტო მივყვები ზენაქარებს,
თავს ვაღწევ წყვდიადს,
ვიგონებ ერთად გატარებულ,
ზეცისკენ აწვდილს –
დღეებს,
რომელსაც ქვადქცეული ტკივილი ქვია…შემინდე ძმაო,
ვეგუები და ვამბობ ხვედრი
ალბათ ეს არის,
მარტოს მიწევს მთების დალახვა,
მივყვები ბილიკს და მგონია მომყვები გვერდით,
მაგრამ არ ძალმიძს თვალებდათხრილს შენი დანახვა.შემინდე ძმაო,
მე ვხარჯავდი სიტყვებს, საათებს,
შემინდე ძმაო,
ეს ცხოვრება არის მარადი –
ვფიქრობიდ დიდიხანს და არასდროს ის არ ამართლებს,
რომ შემძლებოდა შენს სიკვდილსაც
მოვიპარავდი.
მხოლოდ
ფერდაკარგულ
ღამეებს ვაფერადებ,
წინ შლეგი ბილიკების
გაშლილი ფერდობია,
და ლექსის დაუოკებ
სივრცეში გაფრენამდე
მიწაზე სტრიქონებსაც
არაფრით ენდობიან
რადგანაც არ იციან
მიზანი საიმედო,
მიზეზი ამ ლექსისა
დღესავით ნათელია,
ხან არ ღირს არაფერი
სტრიქონად გაიმეტო
და ასე პოეტურად
ელოდო გამთენიას
ან გრძნობას გაზაფხული
იწყება საიდანაც
ოცნებად დაჩეხილი
ვითომდა არაფერი
გულმა ეს მარტოობა
ვერაფრით აიტანა
და ლექსით ითარეშა
არყოფნის ქარაფები
ვწერ და ამ ლექსისწერით
წინაშე ბედისწერის
შეშლილი აჯანყების
სურვილით ავიმღვრიე
არაფრის წინააღმდეგ
ბრძოლაში შევიჭერი
ყველაზე საიმედო
ტაძრები დამირღვიეს
ვდგავარ
ვით ფოთოლცვენით
დაღლილი ნოემბერი,
სადგურში,
მოლოდინით,
მოსილი გაფრენამდე.
შენ ლექსში მიუწვდომელ
წუხილად მოებნევი,
მე მხოლოდ
ფერდაკარგულ
ღამეებს ვაფერადებ…
Lane Elfman:
* * *
გაწვიმდი… გათოვდი… გამოიდარე… ოღონდ მოდი! მოდი და თუნდაც წვიმის შემდეგ მიწის სურნელად. ოღონდ მოდი…
* * *
* * *
როგორ მოკვდაო? ნუთუ ძნელი გასაგებია?! ადამიანთა შორის ადგილი რომ ვერ იპოვა ბულბულივით ტკბილად მოჭიკჭიკე ცაში არწივივით აიჭრა. ათასი კითხვა და დარდი დაგვიტოვა. რაც არ უნდა ყოფილიყო ქეთელაურო, როგორც არ უნდა მომხდარიყო, ეს უნდა იცოდე! გულიდან ამოხეთქილ ტკივილს ვეღარ იტევს დედამიწა. უნდა იცოდე, რომ შენთვის დაღვრილ ცრემლებში წუხელ მთვარე იხრჩობოდა…
ზაფხულსაც დაეტყო უშენობა,
ჩვენ შენგან უდროოდ დაზაფრულნი,
ვზივართ მე, მზე და… უშენობა.
ისევ ეს ფიქრები დაწანწალებს,
ვიხსენებ წამებსაც გასულს,
ო, როგორ არ მინდა მეწარსულო,
არც შენი დატირება არ მსურს…
იცი, რა ძნელია აქ ყოფნა და
გაუძლო ყველაფერს მარტო,
მიწევს, შევეგუო აწმოყსაც და
მაინც ჰაერივით გნატრობ.
უკვე მოგვიძველდა ზამთარი და
ზაფხულსაც შევეფეთე მარტო,
მე და უწმინდური გაზაფხული,
ახლაც მზის სხივივით გნატრობთ…
-იცი რას გიზავ ბიჭო?
-რას მიზავო-? – შეეპასუხა გაბრაზებული.
-არა, იცი რას გიზავ? გაუმეორა ალუდამ .
-რას მიზავ?
-რას გიზავ და გულში ჩაგიხუტებ და ჩაგკოცნი. _ უპასუხა ალუდამ.
ამის თქმა უნდა და სიტუაცია ეგრევე განიმუხტა, ყველა ერთმანეთს გადაეხვია. ალუდამ ისევ სიმღერა განაგრძო და ქორწილი დილამდე გაგრძელდა.
* * *
გაზაფხულია – პირველი სეზონი…
გიპოვე, დაგთესე, მზით მავსებ, გეჩვევი.
ზაფხული – მეორე,
მეჩემე, მე მგონი,
ფესვად მომეჭიდე, სულ ვეღარ გელევი.
მესამე მოვიდა – მწიფე შემოდგომა,
სავსე იქნებოდი, ბგერებუხვიანი,
მარცვლებად შეგკრებდი, ღვინოდ დაგწურავდი,
წამლად მექნებოდი,
თვალებშუქიანო.
ვცდილობ, აგედევნო… მეოთხე სეზონი…
გზა, თოვლი, ბუხარი, გიტარა, ჩაღიმება…
თითქმის დაგეწიე…
თავზე წამომადგა მეხუთე სეზონი –
შენი გაცილება.









“ვწერ…
მხოლოდ
ფერდაკარგულ
ღამეებს ვაფერადებ…” (
წინ შლეგი ბილიკების გაშლილი ფერდობია ♥ ^_^